ბოლო 24 საათში რუსებმა ხარკოვი 89-ჯერ დაბომბეს. ქალაქის მერის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ავიაიერიშების შედეგად 48 სკოლა განადგურდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიბომბა ხარკოვის ფსიქიატრიული საავადმყოფოც. უკრაინული მხარის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულების თავშესაფარში 330 ადამიანი იმყოფებოდა და მათ ნაწილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. ხარკოვში ასობით სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი.
ვლადიმირ ჟირინოვსკი მედიკამენტოზური კომიდან გამოიყვანეს. უკვე გონზეა და თანაშემწეებისგან დოკუმენტებსაც იღებს. ინფორმაცია რუსულ მედიაში წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელინსკი ქიმიური იარაღის შესახებ ვიდეომიმარვაში საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის მიწაზე არანაირი მასობრივი განადგურების იარაღი არ შექმნილა.
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიმართა ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ არ არსებობს გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა. ამის შესახებ მან ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.