ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამვირვებლებმა რამდენიმე უბანზე ამომრჩევლის აღრიცხვისა და უკანონოდ განთავსებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის მიზნით სამართალდამცავებს გამოუძახეს. ამის შესახებ საიას დირექტორმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
"დღევანდელი არჩევნების მიმართ ინტერესი და ყურადღება ძალიან დიდია... აშშ-ის, თეთრი სახლის, ვაშინგტონის ყურადღება მოპყრობილია საქართველოზე", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მარნეულში განაცხადა, სადაც ის არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აკვირდება.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინასთან ბოლო პერიოდში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
როგორც საქართველოს მეგობარსა და მხარდამჭერს, იმედი მაქვს, რომ ეს დღე იქნება დღე, როდესაც დემოკრატია მიაღწევს თითოეულ მოქალაქემდე. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს მომავლისთვის და დემოკრატიის ტესტი, რომელიც დამაჯერებლად უნდა ჩააბაროს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ცნობით, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია 1958 წელს დაბადებული პირი.
ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით, 7.41% შეადგინა, რაც 259 273 ამომრჩეველია.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან. მათი ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება.
"ბევრი კითხულობს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასოდეს", - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან არის დაკავშირებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით.