საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა.
უწყების ცნობით, სიახლეების მთავარი მიზანია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა. ასევე, საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა, მათი უფლებების დაცვა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა.
„გარდა ამისა, ქვეყანაში შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია. ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს. კანონში შესული ცვლილებები იმ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით მუშაობენ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პირადად გააცნეს.
როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან, რათა პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს და ცვლილებები მაქსიმალურად დადებითად აისახოს როგორც დასაქმებულების, ისე შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის სამსახურის, ევროკავშირის, გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები 2023 წლის პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.