
დუბაი ზაფხულის ტურისტულ სეზონს ახალი სივრცეებით, შთამბეჭდავი ატრაქციონებითა და მრავალფეროვანი საოჯახო და გასართობი შეთავაზებებით ხსნის.
ახალი საექსკურსიო ავტობუსის Dubai On and Off საშუალებით ტურისტებისთვის ქალაქში გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული ხდება. ავტობუსი დუბაი მოლიდან ყოველ საათში ერთხელ გადის და ისეთ ღირსშესანიშნაობებს მოივლის, როგორებიცაა მომავლის მუზეუმი, დუბაის ჩარჩო და ოქროს ბაზარი. ბილეთის ფასი 35 დირჰამია და მასში ასევე შედის დუბაის ყურეზე ავთენტური არაბული ნავით „აბრით“ გასეირნებაც.
ახალი ურბანული სივრცე House of Hype სტუმრებს 100-ზე მეტ გასართობ აქტივობას, 50 სათამაშო სივრცესა და 55 კრეატიულ ინსტალაციას სთავაზობს ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად. ასევე, 18 იმერსიული გამოცდილების ზონას, სადაც თავი ფილმში ან თამაშში გეგონება.
სანაპიროზე ახალი გამორჩეული პრომენადი Marsa Al Arab Walk გაიხსნა. სადაც ცნობილი რესტორნებია თავმოყრილი (Public, SALT, Meat The Fish) და საიდანაც იშლება შთამბეჭდავი ხედი „ბურჯ ალ არაბსა“ და ახლომდებარე იახტებზე.
დუბაის ერთ-ერთი სიმბოლო – 250 მეტრიანი სათვალთვალო ბორბალი Ain Dubai – კვლავ ღიაა და ვიზიტორებს ქალაქის სანაპიროზე, დუბაი მარინაზე. პალმა ჯუმეირასა და მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენზე – ბურჯ ხალიფაზე პანორამულ ხედებს სთავაზობს.
წყლის მოყვარულებს დუბაიში სხვადასხვა სათავგადასავლო ლოკაცია ელოდება. გინესის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველაზე ღრმა საცურაო აუზი Deep Dive Dubai კვლავ რჩება მყვინთავებისთვის ერთ-ერთ ფავორიტ ადგილად. Atlantis Aquaventure World-ი კი უდიდესი აუზია მსოფლიოში, 100-ზე მეტი სასრიალოთი და წყლის აქტივობების ფართო არჩევანით. აქვე მდებარეობს რეგიონის უდიდესი აკვარიუმი Ambassador Lagoon, რომელიც ღიაა როგორც დაივინგისთვის, ისე სნორკელინგისთვის. დამატებით, ქალაქში განთავსებულია პოპულარული წყლის პარკები, როგორებიცაა Wild Wadi , LEGOLAND® Water Park – ბავშვებისთვის, და Aquafun – ზღვის ზედაპირზე განთავსებული დაბრკოლებების ზონა.
დუბაი ასევე მდიდარ კულტურულ მარშრუტებს სთავაზობს დამსვენებლებს. „ეტიჰადის მუზეუმი“ „მომავლის მუზეუმი“ და „ალ შინდაღას მუზეუმი“ მოგვითხრობენ როგორც ქვეყნის ისტორიაზე, ასევე მომავლის ტექნოლოგიების ხედვაზე. „ილუზიების“ მუზეუმი ვიზიტორებს უნიკალურ წარმოსახვებს სთავაზობს, ხოლო ყავის, მონეტების, მარგალიტების სპეციალიზებული მუზეუმები - ქალაქის კულტურულ სურათს ავსებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს Bait Al Banat, რომელიც საამიროს განვითარებაში ქალების როლს უკავშრდება.
27 ივნისიდან 31 აგვისტომდე დუბაი საზაფხულო შოპინგის ყოველწლიურ ფესტივალს მასპინძლობს. Dubai Summer Surprises (DSS) მასშტაბურ ფასდაკლებები ვრცელდება სავაჭრო ცენტრებსა თუ ავთენტურ ბაზრობებზე, სასტუმროებზე, ეწყობა უამრავი გასართობი ღონისძიება და გათამაშება.
საოჯახო დასვენებისთვის ქალაქში უამრავი დახურული გასართობი სივრცეა: Boo Boo Laand ბავშვებს VR ატრაქციონებით, თოვლის პარკით, როლური თამაშებითა და სპორტული სივრცეებით უმასპინძლდება. ტკბილეულის მუზეუმის თემატური ზონები, ინტერაქტიური დეკორაციები, მარმელადის აუზი და შაქრის ბამბის აბაზანა ნებისმიერი ასაკის ვიზიტორს ტკბილ მოგონებებში ამოგზაურებს. City Centre Mirdif-ში მაღალი ტექნოლოგიები ფიზიკურ აქტივობებს ერწყმის, 50-ზე მეტი ინტერაქტიური თამაში, მათ შორის Mega Grid, (რომელიც TikTok-ზე მეგაჰიტად იქცა), არც ბავშვებს და არც უფროსებს არ მოაწყენს.
დუბაი ზაფხულის სეზონზე კვლავაც რჩება ტურიზმის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად. რომელიც სტუმრებს კომფორტულ და შთამბეჭდავ დასვენებას სთავაზობს.
(R)