დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს სადაც განმარტავს თუ როგორი ტიპის რეაქციაა ანაფილაქსია და რა შემთხვევაში ვითარდება.
„ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს.
ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ცნობისთვის ევროპის წამლის სააგენტომ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უახლესი დამატებითი კვლევების საფუძველზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინააცის პროცესი დასაშვებია და უნდა გაგრძელდეს , რადგან სარგებელი გაცილებით მეტია ვიდრე სახიფათო იშვიათი რისკების ალბათობა.