ინფლაცია იყო 2022 წლის წლის მთავარი გამოწვევა ეკონომიკურ ცხოვრებაში, თუმცა ინფლაციამ თავისი პიკი გადაიარა გასული წლის მაისში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„იანვრის მონაცემებით 9,4% იყო. ევროზონის ინფლაციასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ორნიშნა ინფლაციის ეტაპი ალბათ დასრულდა და ინფლაცია უნდა იყოს კლებადი. განსაკუთრებით, მოლოდინი გვაქვს, რომ თებერვალში უნდა შემცირდეს ინფლაცია და ფასები უნდა შემცირდეს ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, მაღალ მარჟებზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, იყო გარკვეული მიგნებები კვლევების შედეგად, რომელიც კონკურენციის სააგენტომ ჩაატარა.
„ხშირ შემთხვევაში იყო კითხვები, რომლებზეც მეტი დაზუსტება იყო საჭირო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს სრულყოფილად კონკურენტული გარემო, რომ ფასები იყოს ადეკვატური, ხელოვნურად არ იყოს გაზრდილი და კონკურენციის შეზღუდვამ არ განაპირობოს მოსახლეობის მდგომარეობის დამძიმება. რაც არ უნდა პროგრესზე და წარმატებებზე ვისაუბროთ ეკონომიკის კუთხით, ჩვენ გვესმის, რომ საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია და მაღალი ფასები მოსახლეობის ფაქტობრივად ყველა ფენისთვის არის ძალიან მძიმე. ბოლო წლები არ იყო მარტივი წლები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ჩვენი საზრუნავია, რომ, ერთი მხრივ, მოსახლეობას ჰქონდეს შემოსავალი, მაგრამ ეს შემოსავალი იყოს ღირებული და არ უფასურდებოდეს ხელოვნურად გაზრდილი ფასების პირობებში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს მჭიდრო კოორდინაცია ჰქონდა კონკურენციის სააგენტოსთან და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს.