თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე "რუსულ კანონის" შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
„როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად რა მოლოდინი გაქვთ? რუსული ასოებით ან სიტყვებით უნდა ეწეროს ტექსტი, ღიად უნდა გამორიცხავდეს რუსეთზე გავრცელებას, თუ მაინც და მაინც რუსეთის დუმამ უნდა მიიღოს?
ის რომ:
ეს კანონი იქნება სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების იმაზე მეტი კონტროლის შესაძლებლობა, ვიდრე ის მიღებულია დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში,
პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს უცხო ძალებად, ხოლო მათ მიერ მხარდაჭერილ საქმიანობას აგენტურულად და მტრულად რაცხავს,
ამ კანონის მიღებით ვკარგავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებთანაც ურთიერთობა კონსტიტუციაში გვიწერია და რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, სოციალურ – ეკონომიკური და ფიზიკური უსაფრთხოება, რა არის თუ არა მტრის – რუსეთის სასიკეთო საქმის კეთება?
ჩემს მეგობრებს, რომლებიც ათეულობით წელია საქართველოში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით იცავენ ადამიანის უფლებებს, ქმნიან ადაპტირებულ გარემოს და სხვადასხვა განმავითარებელ სერვისებს, ვინმე რატომ უნდა ეძახდეს აგენტს? ან ჩემი წარსული ნამუშევარი რატომ უნდა იყოს აგენტურულად მოხსენიებული?
ამ კანონს მე- 2, მე- 6 და მე- 9 მუხლი კი არ აქვს რუსული, მისი ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე.
მის მიღებას ერთი მხარდამჭერიც რომ არ ჰყავს, ეს ხომ ნიშნავს რომ რაღაც ცუდი იდეაა?
და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დაზიანებული, დაყოფილი და დასუსტებული საქართველო, ხომ რუსეთია?
გამჭვირვალობას რაც შეეხება, მეც ვმუშაობდი არასამთავრობოში და ყველა გრანტი, რომელსაც ვიღებდი, მერიცხებოდა ეროვნული ბანკის გავლით.
ყველა დაქირავებულ პირსა და შესყიდვაზე ყოველ თვე დეტალურ დეკლარაციას ვუგზავნიდი შემოსავლების სამსახურს.
წლის ბოლოს ვგზავნიდი წლიურ დეკლარაციას. ამას აკეთებს ყველა იურიდიული პირი, მნიშვნელობა არ აქვს ის არასამთავრობოა თუ სურსათის მაღაზია. მისი მიზანი კი სწორედ შავი ფულის და დამალული გადასახადების გამოვლენაა და თუ ამაში ხარვეზი გვაქვს, არ ჯობია არსებული კანონი დავხვეწოთ, ვიდრე რაღაც არაფრის მომცემი, მაგრამ ყველაფრის წამრთმევი კანონი მივიღოთ?“-წერს გიგა სოფრომაძე ფეისბუქში.