2026 წლის 1-ელი თებერვლიდან რომის ექვსი აქამდე უფასო ძეგლის, მათ შორის, ცნობილი ტრევის შადრევნის მონახულება ტურისტებისთვის ფასიანი ხდება. გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, რობერტო გუალტიერიმ გამოაცხადა, რასაც Ansa ავრცელებს.
მაგალითად, ტურისტებს ტრევის შადრევვნის წინა აუზთან მოსახვედრად 2 ევროს გადახდა მოუწევთ, ხოლო ღამით მისი მონახულება კვლავ უფასო იქნება.
ტრევის შადრევანი უკიდურესად პოპულარული ტურისტული ლოკაციაა: გასულ წელს მას 9 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც დღეში, საშუალოდ, 30 000 ვიზიტორია. შადრევნის შესანარჩუნებლად და ხალხმრავლობის შესამცირებლად ვიზიტორები ორ რიგად დაიყოფიან. კერძოდ, რომაელები შადრევანს უფასოდ მოინახულებენ, ხოლო უცხოელები ბილეთს შეიძენენ.
მოელიან, რომ მხოლოდ ტრევის შადრევნის ბილეთები ქალაქს წელიწადში, დაახლოებით, 6,5 მლნ ევროს მოუტანს, ხოლო მთლიანი დამატებითი შემოსავალი წელიწადში 10-20 მლნ ევროს მიაღწევს.
ასევე, ფასიანი ხდება:
ვილა-მაქსენციაზე დასწრება, რომელიც აპიუსის უძველეს გზაზე არქეოლოგიური კომპლექსია და სასახლისგან, ერთადერთი კარგად შემონახული რომაული ცირკისგან და იმპერატორ მაქსენტიუსის დინასტიური მავზოლეუმისგან შედგება
ნაპოლეონის მუზეუმი პალაცო-პრიმოლიში, რომელიც ნაპოლეონისა და ბონაპარტის ოჯახის რელიქვიებს ეძღვნება
რომში ჯოვანი ბარაკოს ანტიკური ქანდაკების მუზეუმი, სადაც ბარაკოს მიერ შემოწირული ეგვიპტის, აზიის, საბერძნეთისა და რომის ნამუშევრების კოლექცია არის განთავსებული
კარლო ბილოტის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა ვილა-ბორგეზეში, სადაც ფილანტროპ კარლო ბილოტის კოლექციის ნამუშევრები არის წარმოდგენილი
პიეტრო კანონიკას მუზეუმი, რომელიც ვილა-ბორგეზეს ბაღებში მოქანდაკე კანონიკას სახლმუზეუმს მოიცავს
რომისა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებისთვის ამ ადგილებზე შესვლა უფასო დარჩება.
ქალაქის მერი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზანი „ვიზიტორთა ჭარბ ნაკადთან ბრძოლით” იტალიური მემკვიდრეობის აღქმის ხარისხის გაუმჯობესებაა.
მთელი შემოსავალი მუზეუმებისა და ძეგლების შეკეთება-შენახვისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფონდში გადაირიცხება.