2025 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 784.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 599.7 ათასი შეადგინა, რაც 0.6 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
„საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 412.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა (45.9 პროცენტი) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 47.6 პროცენტი შეადგინა.
2025 წლის მე-3 კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (36.1 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 213.6 ათასი და 113.7 ათასი ვიზიტი.
2025 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.90 შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.86 ღამე) 0.5 პროცენტით მეტია. ვიზიტების 97.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2025 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა,“- ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.