უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა და უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ გააცნო.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს გეგმის დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ასპექტები და თავიანთ გუნდებს დაავალეს კონსულტაციების გამართვა სამომავლო ნაბიჯებზე.
ჯოზეფ ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები ყველა საჭირო მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას იმისთვის, რომ გაიმარჯვოს.
„პირველ რიგში, ახლა ჩვენ უნდა გავამტკიცოთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე და ამიტომ დღეს მე ვამაყობ, რომ ვაცხადებ უსაფრთხოების ახალ 2.4 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს. მე ასევე მივეცი მითითება პენტაგონს, გამოყოს უსაფრთხოების სფეროს მთელი დარჩენილი დაფინანსება, რომელიც განკუთვნილია უკრაინისთვის, ჩემი ვადის ბოლომდე, ანუ 20 იანვრამდე და ეს გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მომავალ მოლაპარაკებებში. მეორეც, ჩვენ ვიყურებით წინ, რათა დავეხმაროთ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების მიღწევაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისსაც შეხვდა და „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა.
კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ ეს იყო მისი მეშვიდე შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ხაზი გაუსვა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის გამარჯვებისთვის საჭირო უსაფრთხოების დახმარების მიწოდებას.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები და წინ აღვუდგეთ აგრესორებს. ჩვენ უნდა დავიცვათ საერთაშორისო წესრიგი, წესები და ნორმები. თითოეული ეს პრინციპი უკრაინაში სასწორზე დგას და სწორედ ამიტომაა უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.