უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის“ შესახებ პეტიციას უპასუხა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს დაავალა, რომ მთავრობამ პეტიციის მოთხოვნები განიხილოს.
პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოების დემოკრატიულობის დონეს მათ შორის ის ფაქტიც განსაზღვრავს, რამდენადაა მთავრობის პოლიტიკა მიმართული, უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის თანაბარი უფლებები.
როგორც პრეზიდენტის პასუხშია აღნიშნული, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ქორწინება დაფუძნებულია მამაკაცისა და ქალის თანხმობაზე, საომარი მდგომარეობის დროს კი, კონსტიტუციის ცვლილება არ ხდება.
„ამასთანავე, მთავრობა მუშაობდა უკრაინაში სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზების ვარიანტებზე. კონსტიტუციის 116-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის მთავრობა დგამს ნაბიჯებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის კუთხით“, – აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხში.