რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს ამერიკული წარმოების რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლება მისცა.
„დღეს მედიაში ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩვენ მივიღეთ გარკვეული მოქმედებების ნებართვა, მაგრამ დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება. ასეთი რამეების შესახებ წინასწარ არ კეთდება განცხადება. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან. ნამდვილად ისაუბრებენ. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.
ცნობისთვის, სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას პირველად მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, დეტალებს არ ასაჯაროებენ. თეთრმა სახლმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, პირველი დარტყმები შორი მანძილიდან, სავარაუდოდ, ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდება, რომლის მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრია.