უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ არის გამორიცხული რუსულმა ძალებმა „აზოვსტალის“ ინდუსტრიული კომპლექსიდან ევაკუირებული მოქალაქეები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანონ. ამის შესახებ ზელენსკიმ ბერძნულ ტელეკომპანიასთან ERT-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მას დაჰპირდა, რომ „აზოვსტალიდან“ ევაკუირებულ მოქალაქეებს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ.
„მე გავაფრთხილე გაერო-ს გენერალური მდივანი, რომ თქვენ შეიძლება, აიყვანოთ ხალხი ავტობუსებში, რუსეთმა კი ისინი შესაძლოა, რუსულ ტერიტორიაზე გადაიყვანოს. ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთსა და სხვა ქალაქებში ძალის გამოყენებით უკანონოდ დეპორტირებულია ნახევარ მილიონამდე ადამიანი. როგორც მან მითხრა, 100-პროცენტიან პასუხიმგებლობას იღებს, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ, წამოვიდნენ და რომ რუსეთთან არის შეთანხმება, ეს ადამიანები შეძლებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას. მოდით, გვჯეროდეს, რომ ასე იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ ინტერვიუში.
ზელენსკის თქმით, „აზოვსტალიდან“ ხალხის ევაკუაცია დამოკიდებულია რუსეთზე, თუმცა რუსეთისადმი ნდობა არ არსებობს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ევაკუაცია არ ეხება სამხედროებს და დაჭრილებს, რადგან გაერო არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გაერო აცხადებს, რომ ეხმარება მხოლოდ მოქალაქეების ევაკუაციაში.
„ახლა ჩვენ განვიხილავთ „აზოვსტალის“ ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციას. ისინი იქ იმყოფებიან, მათ ეშინიათ გამოსვლა, რადგან მათ კლავენ. ახლა ჩვენ განვიხილავთ ამ გზას. ყველაფერი დამოკიდებულია რუსულ მხარეზე. თქვენ ხედავთ, რომ გაერო-ც კი ჩართულია და ეს მაინც არის რთული პროცესი. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციისადმი ნდობა არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ გაერო-სა და წითელი ჯვრის მონაწილეობით „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული პირველი ნაკადი ქალაქ ზაპოროჟიეში დღეს ჩავიდა.