უკრაინის „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ისევ გათიშულია ქსელიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობა აღდგენილია, თუმცა ორი ენერგობლოკის ქსელში ჩართვის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ელექტროსადგური ქსელში ჩართული იყო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისტორიაში პირველად ქსელიდან გუშინ საღამოს გაითიშა.
ამასთან, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდოდ მომავალ კვირას ჩავლენ.
ინფორმაციას უკრაინული მედია, ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველ ლანა ზერკალზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტების ვიზიტი მომდევნო კვირას არის დაგეგმილი. ახლა დგინდება ყველა ლოჯისტიკური მარშრუტი, როგორ მივლენ ექსპერტები ატომურ ელექტროსადგურამდე. მიუხედავად იმისა, რუსები დათანხმდნენ, რომ მისია უკრაინის ტერიტორიის გავლით მივიდოდა ელექტროსადგურამდე, ისინი ახლა ხელოვნურად ქმნიან ყველა ბარიერს, რომ მისია ვერ მივიდეს ატომურ ელექტროსადგურამდე“, – განაცხადა ზერკალმა.