ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და არსებობს რადიაქტიული ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე - საგანგებო განცხადებას ენერგოატომი ავრცელებს. ბირთვულ ობიექტზე ამ დრომდე რუსული საოკუპაციო ძალებია განთავსებული და პერიოდულად მიმდინარეობს ობიექტის დაბომბვა.
"ელექტროსადგურზე რუსი სამხედროების, მათი იარაღის, აღჭურვილობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის გამო, არსებობს სერიოზული რისკი ელექტროსადგურის უსაფრთხო მუშაობისთვის. პერიოდული დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების დაფრქვევის საშიშროება, ხანძრის საშიშროება მაღალია." ნათქვამია ენერგოატომის შეტყობინებაში.
მათივე განცხადებით, სადგურის უკრაინული პერსონალი აგრძელებს მუშაობას და ყველა ღონეს ხმარობს ბირთვული და რადიაციული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ასევე ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად.
უკრაინა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ აიძულოს რუსეთი ბირთვული ელექტროსადგური გაათავისუფლოს და დაუბრუნოს მასზე კონტროლი უკრაინას.
შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, ოკუპანტების ქმედებების შედეგად, ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გაითიშა ელექტროქსელიდან.
ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უკრაინის ელექტრო ქსელთან დაკავშირება მეორე დღეს, 26 აგვისტოს მოხერხდა.