ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული „ენერგოატომი“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის სამხედროების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩაირთო ავარიული დაცვა და სამი მუშა ენერგობლოკიდან ერთ-ერთი გაითიშა.
„სროლის შედეგად სერიოზულად არის დაზიანებული აზოტ-ჟანგბადი სადგური, კომბინირებული დამხმარე კორპუსი, კანალიზაციის სატუმბი სადგური. დაზიანდა ასევე ღია გამანაწილებელი, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სახანძრო განყოფილებას, რომელიც სადგურის გარე პერიმეტრზე მდებარეობს. რჩება წყალბადის გაჟონვისა და რადიაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საფრთხე“, – ნათქვამია „ენერგოატომის“ განცხდებაში.
ამავე განცხადებაში წერია, რომ დაზიანებულია რადიაციული დაბინძურების მონიტორინგის სენსორებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობას განაგრძობენ უკრაინელი თანამშრომლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, და ასევე დაზიანების აღმოსაფხვრელად.
უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, აიძულოს რუსეთს გავიდეს მათ მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან.