უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი.
„ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება! ადრე არასდროს არ გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები : "თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის". ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია - თანასწორთა შორის თანასწორი. და ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატო-ში შესვლით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენოს.
„ოდესღაც რუსეთის ბატონებს ძალიან სურდათ ნატო-ს კართან საკუთარი ბარიერი ჰქონოდათ. ჩვენ დავტოვეთ ეს რუსული ამბიცია ევროპის ისტორიის ზღურბლზე - ჩვენი ერთიანობის გალავნის მიღმა ევროპაში და, უფრო ფართოდ, თავისუფალ მსოფლიოში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.