უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია ქალაქ ბახმუტთან, სადაც რუსეთი შეტევას უშედეგოდ ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დონეცკის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს გარკვეულ მონაკვეთებში წინსვლა ჰქონდა, თუმცა უკრაინის არმიამ რუსულ სამხედრო ნაწილებს უკან დაახევინა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბახმუტთან რუსულ ძალებს ყოველდღიურად მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგები აქვს.
მედიის ცნობით, დონეცკის რეგიონის ფრონტის მთელ ხაზზე დაბომბვა გრძელდება. უკრაინის არმიის ნაწილებმა სამხრეთის მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო მასალების ორი საცავი გაანადგურეს. განადგურებულია რუსული საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მანქანები და ტანკები.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 15 ირანული კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით გაუშვეს.