„არის თუ არა სათანადო, „არასათანადო“ უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლას, დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები“? – ასე პასუხობს უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს.
მისივე განცხადებით, „მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს“. სტეფანჩუკმა ეს განცხადება შალვა პაპუაშვილის მიერ 8 აპრილს გაკეთებული განაცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც პაპუაშვილი ამბობს, რომ ისურვებდა „უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს“.
„კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც უკრაინა სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არის ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან. არის ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ცალკეულ საკითხებში გვეხმარებიან.
ჩვენ ვაფასებთ და ყოველთვის ვაფასებდით მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი, მამაცი და მამაცი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს გვერდში დგას ჩვენს დამცველებთან და იცავს უკრაინას რუსული შემოჭრისგან. ისევე, როგორც ბევრი უკრაინელი დაუდგა საქართველოს გვერდით 2008 წელს.
მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა გააკეთოს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი აზრით, დიდი შოთა რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვა:
"ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“– წერს სტეფანჩუკი 10 აპრილს გავრცელებულ საპასუხო საჯარო წერილში ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“.