უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება და არ შეეგუება რომელიმე სუბიექტის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ნეიტრალურ დამოკიდებულებას.
მისივე თქმით, ის დღეს პარტნიორი ქვეყნის ლიდერებს ესაუბრა, ბორის ჯონსონს, ჯასტინ ტრუდოს, ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ დრაგის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. დიდი ბრიტანეთის პრემიერთან ჰქონდა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმება.
"კანადამაც მხარი დაუჭირა უფრო მკაცრ რეაგირებას იმ კატასტროფის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე რუსებმა მოაწყეს. გერმანიის კანცლერთანაც სანქციების გაძლიერებაზე ვისაუბრეთ. დიდი მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
იტალია დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა. ხვალ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას და დაველაპარაკები სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
უკრაინა არ დათანხმდება და არ შეეგუება რომელიმე სუბიექტის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ნეიტრალურ დამოკიდებულებას. გასულ წელს უკვე გავიარეთ ის ეტაპი, როდესაც ვსაუბრობდით, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება აუცილებელი იყო, რათა უკრაინაში შემოჭრა თავიდან აგვეცილებინა. პრევენციული პაკეტი არ შეიმუშავეს და ომიც დაიწყო.
ახლა ევროპაში გავრცელდა მოსაზრებები, რომ სანქციების გამკაცრება და ემბარგო იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. სიტყვები არ მყოფნის. დაფიქრდით, სადამდე მივედით, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას ველოდებით. ანუ, ჩვენ, ცოცხალი ადამიანები ქიმიურ იარაღს უნდა დაველოდოთ?! ნუთუ ის ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა და ახლაც აკეთებს, ნუთუ ის ფოსფორის ბომბები, ატომური სადგურის მიმართულებით გახსნილი ცეცხლი, ქიმიური სადგურის დაზიანება ემბარგოს არ იმსახურებს?! გვინდა, რომ სანქციები იყოს მკაცრი და იმის შესაბამისი, რასაც რუსეთი ახლა უკრაინაში აკეთებს. თუ სანქციები იქნება სუსტი და რუსეთის ქმედებებთან შეუფერებელი და რუსეთი მას გვერდს მარტივად აუვლის, ეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეუქმნის ილუზიას, რომ შეუძლიათ გააგრძელონ ის, რასაც ახლა აკეთებენ. ამის ფასს კი ვინ იხდის?! - უკრაინელი ხალხი თავისი სიცოცხლით.
აქედან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში შევქმნით უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში გააანალიზებენ მოქმედებს თუ არა რეალურად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ჩვენი მიზანია სანქციებმა იმუშაოს ისე, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო. ისე, რომ მათი გვერდის ავლის არცერთი შესაძლებლობა არ არსებობდეს. ეს უნდა იყოს როგორც უკრაინის, ასევე მთელი დემოკრატიული სამყაროს მიზანი, გამონაკლისის გარეშე." – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.