უკრაინა ახლა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ მას შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს მინდა, აღვნიშნო ერთი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიყურება როგორც ტექნიკური, თუმცა მის უკან ბევრი სიმბოლიზმი და შინაარსიანი პოლიტიკური სამუშაოა. უკრაინა გახდა ნატო-ს ტექნოლოგიური ურთიერთთავსებადობის სპეციალური მრავალმხრივი პროგრამის ასოცირებული წევრი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს. ახლა უკრაინა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ მას შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი სამხედროების გამოცდილება, უკრაინული ინსტიტუტების შესაძლებლობები, ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების პოტენციალი – ყველაფერი ეს იქნება უკრაინის წვლილი ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფართომასშტაბური ომის 139-ე დღეს, უკრაინის სახელმწიფო არა მხოლოდ იცავს საკუთარ თავს, არამედ ვითარდება და დაეხმარება პარტნიორების განვითარებას.