თურქული კომპანია „ბაიკარი“ (Baykar) უფასოდ გადასცემს უკრაინას სამ უპილოტო საფრენ აპარატ „ბაირაქტარს“, რომელთა შესაძენადაც თანხას აგროვებდა შოუმენ სერგეი პრიტულას საქველმოქმედო ფონდი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, კომპანია „ბაიკარმა“ შეიტყო, რომ კამპანია „სახალხო ბაირაქტარის: ფარგლებში შეგროვდა თანხა უკრაინელებისთვის სამშობლოს დასაცავად სამი უპილოტო საფრენი აპარატის გადასაცემად. კომპანიისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული თანხა შეგროვდა ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევით.
„კომპანია „ბაიკარი“ არ მიიღებს თანხას და უფასოდ გაგზავნის სამ უპილოტო საფრენ აპარატს უკრაინულ ფრონტზე. ჩვენ ვთხოვთ, რომ სანაცვლოდ, შეგროვილი თანხა მოხმარდეს უკრაინის მებრძოლი ხალხის დახმარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინული მედიიის ცნობით, თურქული კომპანიის ეს საჩუქარი 15 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.