"ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, თქვით ეს მკაფიოდ", – ასე მიმართა ნიდერლანდების პრემიერს გამოცემა Nieuwsuur-თან ინტრევიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საუბრისას ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პარლამენტს მიმართა და უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილი უწოდა, თუმცა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე არაფერი უთქვამს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს.
„მარკთან გულწრფელი ვიყავი. მე მას ასეთი რამ ვუთხარი: გმადლობთ გამოსვლისთვის. თქვენ ნამდვილად გვეხმარებით და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, თქვენ დუმდით ყველაფერზე, რისი მოსმენაც ჩვენ გვინდოდა. მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი არ არის ევროკავშირში, მაშინ ეს მკაფიოდ უნდა თქვათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუტემ მას უპასუხა, რომ ევროკავშირში არის უკრაინას ადგილი, მაგრამ ამისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ესმის, რომ აუცილებელია რეფორმების გატარება. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსით უკრაინა მიიღებდა სიგნალს, რომელიც მას რუსეთთან ბრძოლაში გააძლიერებდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობის 62% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ წევრობას მხარი პოლიტიკოსებმაც უნდა დაუჭირონ, რადგან მათ ხალხი ირჩევს.
რამდენიმე დღის წინ, მარკ რუტემ განაცხადა, რომ იმის ალბათობა, უკრაინა უახლოეს მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, არცთუ ისე მაღალია. მისი თქმით, ეს უსამართლო იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართაც, რომლებიც კანდიდატის სტატუსს გაცილებით დიდხანს ელოდნენ.