უნგრეთი ჯიუტად განაგრძობს უკრაინისთვის ლაფის დასხმას და რუსეთის გათეთრებას, – ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი უნგრეთის პარლამენტის სპიკერ ლასლო კევერის განცხადებას.
„მთელი დემოკრატიული მსოფლიო გაკვირვებით და გაუგებრობით აკვირდება არა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებებს, არამედ უნგრეთის პოზიციას, რომელიც ჯიუტად განაგრძობს უკრაინისთვის ლაფის დასხმას და რუსეთის გათეთრებას. უნგრეთის პარლამენტის სპიკერისგან განსხვავებით, ჩვენ უკრაინაში,ზაკარპატიიში მცხოვრები უნგრელების ჩათვლით, დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და საკმაოდ სწრაფად იქნება აღდგენილი“, – წერს სტეფანჩუკი „ფეისბუქზე“.
რადას სპიკერის თქმით, უნგრეთმა უნდა შეწყვიტოს წარსული პრობლემებით ცხოვრება, პირად წყენამდე არ დავიდეს და შეისმინოს ის, რასაც ითხოვენ ზაკარპატიის ოლქში მცოხვრები უნგრელები, ეს კი არის იარაღი, რომლითაც ისინი შეძლებენ საკუთარი სახლის დაცვას რუსული ურდოსგან.
„არ არის საჭირო სპეკულაცია იმის შესახებ, რომ ეს იარაღი მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და ამით მათი დახმარების სურვილის არქონის დამალვა. ასეთი განცხადებები არის ცინიკური, სამარცხვინო, უპასუხისმგებლო და მხოლოდ რუს აგრესორს აწყობს“, – წერს სტეფანჩუკი.
ცნობისთვის, უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ვერ იხსენებს მაგალითებს, როცა დახმარების სათხოვნელად ისეთი ტონით მიმართავდნენ არა მხოლოდ ოფიციალურ ბუდაპეშტს, არამედ მაგალითად, გერმანიის კანცლერსაც, როგორც ამას ზელენსკი აკეთებს.