ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლისგან მოითხოვს, ბახმუტთან პოზიციები დაიცვას, ვიდრე ადგილზე ჩეჩენი მებრძოლები ჩავლენ.
ამის შესახებ კადიროვი ვიდეორგოლში აცხადებს, რომელიც მან სოციალური ქსელებით გაავრცელა.
„ვიდრე ჩვენ მოვალთ, ვიდრე დავარიგებ პოზიციებს, შენ იქნები დაცვაში და როდესაც ჩვენ დავიწყებთ შეტევას, მხოლოდ მაშინ განვსაზღვრავთ, სად უნდა წახვიდე შემდგომში. ჩვენ სრულად უნდა შევცვალოთ სიტუაციის განვითარება. შენ მე ყოველთვის მეუბნებოდი, რომ კაცური წესებით ცხოვრობ. ამიტომ მე გესაუბრები ამ წესებით: შენ უნდა გააკეთო ეს და ეს. შენ დაგიკავშირდება ხალხი და აგიხსნიან“, – ამბობს კადიროვი.
ამას გარდა, კადიროვი აცხადებს, რომ პრიგოჟინმა ჩეჩენ მებრძოლებს ფრონტის ყველაზე რთული ნაწილები დაუტოვა.
„მან ყველზე კარგი ადგილები აიღო, მისთვის კომფორტული. დანარჩენი, რთულ ადგილებზე უნდა წავიდეთ. ეს უკანასკნელი ბრძოლაა“, – ამბობს კადიროვი.
ამასთან, კადიროვი აცხადებს, რომ კერძო რუსული კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების ბახმუტთან ყოფნა საჭიროა, რადგან მათ იციან ლანდშაფტი.
„თუ თქვენ დარჩებით ჩვენთან ერთად, გპირდებით, ჩვენ მოგცემთ მეტს, შევქმნით უკეთეს პირობებს, ვიდრე დღეს გაქვთ და შევეცდებით, რომ თქვენ ყველაფერი უმაღლეს დონზე გქონდეთ“, – ამბობს ჩეჩნეთის მეთაური.
როგორც ცნობილია, ჩეჩნეთის მეთაურმა უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი რუსეთის პრეზიდენტს, რომელშიც ის პუტინს სთხოვს, ბახმუტთან მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების მიერ დაკავებულ პოზიციებზე ჩეჩნური სპეცრაზმის, „ახმატის“ წევრები გაგზავნონ.