უკრაინა დასავლეთისგან შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას თუ მიიღებს, სპეცოპერაციის გეოგრაფიული ამოცანები შეიცვლება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინის ამ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ზელენსკი, ან ის, ვინც მას შეცვლის, არსებობდეს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიებს და იმ რესპუბლიკების ტერიტორიებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, მისივე თქმით, მარტის ბოლოს, სტამბოლში გამართული შეხვედრისას ამ საკითხზე ვითარება არსებითად განსხვავებული იყო.
„ახლა კი გეოგრაფია სხვა არის. უკვე აღარ არის მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ახლა არის კიდევ ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები, სხვა ტერიტორიები და ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ლავროვმა.