გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ შეისწავლა ქალაქ ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებები, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ცხედრები დასახლების ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სატელიტური გამოსახულებების ანალიზი არ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.
გამოცემის ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეები მაშინ მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული.
პუბლიკაციის თანახმად, ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე. სხეული იმავე პოზაშია, რაც სამი კვირის შემდეგ მათი აღმოჩენის დროს.
ამასთან, 2 აპრილს გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ორი ავტომობილი და ცხედარი. სატელიტური გამოსახულებებიდან გამომდინარეობს, რომ აღნიშნული პირი 20-დან 21 მარტამდე მონაკვეთში მოკლეს.
უკრაინული მხარის თქმით, აღმოჩენილია 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, თუმცა მსხვერპლთა რეალური რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან ჯერ არ არის შემოწმებული ყველა სახლის სარდაფი და ეზო. მსხვერპლთა ნაწილს სასტიკი წამების კვალი აღენიშნება, ზოგიერთ მოკლულ ადამიანს ხელები აქვს შეკრული.
ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.