სახელმწიფო უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნებისა და მათი დახმარების პროცესს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სახელმწიფომ სამშობლოში ორგანიზებულად 2000-მდე მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო.
ბოლო 24 საათის განმალობაში პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში 80-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მიმდინარე კვირას კი საერთო ჯამში 242 მოქალაქე. ხოლო რუმინეთიდან მიმდინარე კვირას საქართველოს საელჩოს დახმარებით დაბრუნდა 75 საქართველოს მოქალაქე.
,,ასევე გრძლდება უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო განაგრძობს ქ.ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, მორიგი რეისი დღეს არის დაგეგმილი. საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ გაყვანას ახორციელებს საქართველოს საპატიო საკონსულო ქ. ოდესაში, მოქალაქეები მოლდოვას მიმართულებით მიემგზავრებიან, საიდანაც რუმინეთის გავლით ხორციელდება მათი სამშობლოში დაბრუნება.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველიდი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.