უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება რუსეთ–უკრაინის ომთან მიმართებაში შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ ქვეყანაში არის "გაზპრომის" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქციონერი.
"[საქართველოს] ხელისუფლება რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა, გამოგიტყდებით და არ მესმის. შეიძლება იმასთან არის დაკავშირებული, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი თქვენს ქვეყანაში არის "გაზპრომის" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქციონერი, ასეთი ინფორმაცია მსმენია, შეიძლება ეს არის ამის ახსნა და მიზეზი", - განაცხადა მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.
არახამიამ ასევე, ისაუბრა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტზე უკრაინაში და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სპეციალურად არ მივიდა, რადგან "ამ ადამიანებთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს".
"შეხვედრას არ დავსწრებივარ, სპეციალურად არ წავედი, რადგან ასეთი განცხადებების შემდეგ საერთოდ ვერ ვხედავდი ამ ადამიანების ნახვის ვერანაირ აზრს.
ოპოზიციურ პარტიასთან შესახვედრად წავედი, რადგან მესმოდა, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია. იქამდე ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებას ვნახულობდი, ვინ რა განცხადებებს აკეთებს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ [საქართველოს] სამთავრობო დელეგაცია იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთი-ორი ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად არიან ჩართულები ამ პროცესებში...
და იმისთვის რომ რეალურად იყო ჩართული, უნდა დაიცვა ის სანქციები, რომელსაც მთელი მსოფლიო ადებს რუსეთს. მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა რომ გავუხსნათ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშები ბანკში და დღეს საქართველოში ბანკები დიდი სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს, რუსი ბიზნესმენები კი თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით. ხსნიან და არეგისტრირებენ კომპანიებს საქართველოში...," - განაცხადა არახამიამ.