გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის შესახებ ვასილი ნებენზიამ ნიუ იორკში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი იცავს ატომურ ელექტროსადგურს, მათ შორის შესაძლო ტერაქტებისგან.
„სადგურის დემილიტარიზაცია მას დაუცველს გახდის მათთვის, ვინც ატომური ელექტროსადგურის მონახულებას მოინდომებს. როგორი იქნება მათი მიზნები და ამოცანები, უცნობია. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ პროვოკაციებსა და ტერორისტულ აქტებს სადგურზე, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ“, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა გაერო-ში.
მანამდე ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოითხოვა.
უკრაინელები აცხადებენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს, საიდანაც ცეცხლს უხსნის უკრაინულ ქალაქებს. კიევი სადგურიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანას მოითხოვს.