"როიტერი" ინფორმაციით, შვიდი ავტობუსი, რომლებშიც "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, დონეცკის მახლობლად, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ იელენოვკაში, სასჯელაღსრულების ყოფილი კოლონიაში ჩავიდა.
უკრაინელ მებრძოლებს, რომელთაგან ბევრი აზოვის ბატალიონის წევრია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დაკითხავს. ამის სესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის“ ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი მებრძოლების დაკითხვა "უკრაინის რეჟიმის დანაშაულებებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების“ რუსული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება.
ასევე, „როიტერი“–ს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან სულ მცირე შვიდი ავტობუსი გავიდა, რომელსაც პრორუსი სამხედროები აცილებდნენ.
შეგახსენებთ, რომ „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის პროცესი გუშინ დაიწყო. გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურების გზით მოხდება.