რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია, – ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყია“, – აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, დასავლურმა ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ წააგეს რუსეთის „სპეცოპერაციის“ დაწყებისთანავე.
„თუ დასავლეთს კონფლიქტის პროვოცირება სურდა, რომ რუსეთთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის შეკავების ახალ ეტაპზე გადასულიყო, შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად შეძლეს. ნორმალურ პირობებში, ალბათ, ამის გაკეთება რთული იქნებოდა. თუმცა, რას მინდა, მივაქციო ყურადღება – მათ უნდა გააცნობიერონ, რომ წააგეს ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, რადგან მისი დაწყება ნიშნავს ამერიკული მსოფლიო წესრიგის კარდინალურ გარდატეხას. ეს ნიშნავდა ლიბერალურ-გლობალისტური ამერიკული ეგოცენტრიზმიდან ნამდვილად მრავალპოლარულ მსოფლიოზე გადასვლას… დღეს ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე სურთ. რა ვთქვათ აქ – სცადონ. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დასავლეთს ჩვენთან ომი სურს უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.