ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ პროვოცირებული ავარია, არსით რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკისმ პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენთაგანი უკვე ფიქრობს, როგორ მოიქცეს, თუ რუსეთის გამოიყენებს ე.წ. ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. დაფიქრდით კიდევ ერთ რამეზე – რუსეთს შეუძლია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი რადიაციული ავარიის პროვოცირება, ფაქტობრივი შედეგები კი, შესაძლოა, იყოს კიდევ უფრო კატასტროფული, ვიდრე ჩერნობილი, ხოლო არსით ეს იქნება იგივე, რაც ბირთვული იარაღის გამოყენება, თუმცა ბირთვული დარტყმის გარეშე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში ვერავინ შეაჩერებს ქარს, თუ ის რადიაციას გაავრცელებს, თუმცა მთელ მსოფლიოს ერთობლივად ამის შეჩერება ძალუძს.
ზელენსკის თქმით, აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება. კერძოდ, სანქციები უნდა დაუწესდეს „როსატომს“ და რუსეთის მთელ ატომურ ინდუსტრიას.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპა ამ საფრთხისგან. დავიცავთ ერთად და შესაძლოა მხოლოდ ევროპა არა, რადგანაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ჩვენს კონტინენტზე. მსოფლიოში ის სიდიდით მესამეა. მას ექვსი ენერგობლოკი აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოში განაცხადეს, რომ რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს ორჯერ გაუხსნა ცეცხლი. 6 აგვისტოს კი, რუსეთმა სარაკეტო დარტყმები მიიტანა ქალაქ ენერგოდარზე, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. კიევის ცნობით, რაკეტები გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავთან ჩამოვარდა.