დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც გაირკვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს (G20) ნოემბერში დაესწრება.
„რუსეთს არ აქვს მორალური უფლება იჯდეს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, მაშინ როცა მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
გაერთიანებული სამეფო მიესალმება ინდონეზიის ძალისხმევას, უზრუნველყოს, რომ რუსეთის ომის შედეგები „დიდი ოცეულის“ შეხვედრებზე განიხილება.
ამასთან, ოფიციალური ლონდონი მიესალმება იმას, რომ უკრაინა G20-ის ლიდერთა სამიტზე, შესაძლოა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ იყოს წარმოდგენილი.
ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ სამიტს ინდონეზია უმასპინძლებს. დადასტურდა, რომ მას ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც დაესწრება.