რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის გამო, ელექტროენერგია მოლდოვაშიც გაითიშა.
როგორც ადგილობრივი მედია მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრ ანდრეი სპინუზე დაყრდნობით წერს, მოლდოვას რუმინეთიდან დენის მიწოდება შეუწყდა. ამის მიზეზად უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების გამო, ელექტროგადამცემი ხაზის ავტომატურად გათიშვა დასახელდა.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი არ დაზიანებულა, უსაფრთხოების მიზნით გაითიშა. ახლა კომპანია მის აღდგენაზე მუშაობს“, – განაცხადა მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მოლდოვაში რუმინეთიდან დენის მიწოდება დღეს ადგილობრივი დროით 16:40 საათზე შეწყდა. შედეგად ათასობით აბონენტი დენის გარეშე დარჩა. კიშინიოვში შეჩერებულია ტროლეიბუსების მოძრაობაც.