რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთან, ხუტორის, ფედოროვკის, იაკოვლევკისა და ტინკოვკის დასახლებებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
„ფეთქებადსაშიში ობიექტების აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალური ოლქის ტერიტორიაზე შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყდა დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია“, – აღნიშნავს რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი იგორ არტამონოვი.
ამასთან, მოგვიანებით გუბერნატორმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და მოსთხოვა ადგილობრივ საწარმოებს, არ ჩართონ თანამშრომლები სამუშაოებში, ვიდრე განგაშის წითელი დონე მოიხსნება.