უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა შეიძლება, გაჩნდეს 2023 წლის მეორე ნახევარში. ამის შესახებ არახამია „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ეს იქნება შესაძლებელი, როდესაც ელექტორალური ციკლი დაიწყებს მუშაობას როგორც რუსეთში, ისე აშშ-ში, ანუ 2023 წლის მეორე ნახევარში. მაშინ უკვე დაიწყებს სტარტს საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში და 2024 წელს არჩევნები ექნება პუტინსაც. და ყველას პოლიტიკურად რაიმეს დემონსტრირება დასჭირდება. მე არ მგონია, რომ პუტინს სამხედრო წარმატების დემონსტრირება შეუძლია, ამიტომ შესაძლოა, ისინი შეეცადონ, საკუთარ ხალხს რაიმე დაანახონ დიპლომატიურ ფრონტზე”, – განაცხადა არახამიამ.
ამასთან, უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერი აცხადებს, რომ ახლა რუსეთს გადაჯგუფებისა და ძალების აღდგენისთვის სჭირდება პაუზა, რის საშუალებასც უკრაინელები მას არ მისცემენ.
არახამიას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვთან მოლაპარაკების პირობები უკვე დაასახელა და ისინი უცვლელია.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ზარალის ანაზღაურება, სამხედრო დამნაშავეების დასჯა, ქმედითი გარანტიები, რომ მომხდარი არ განმეორდება”, – აცხადებს არახამია.