უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინა მომავალი 10 წლისთვის ნატოს თავდაცვითი სტრატეგიის ნაწილი გახდება. ეს განცხადება რეზნიკოვმა უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე GLOBSEC-2022 სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
„ვფიქრობ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ალიანსში უკრაინის დე ფაქტო და არა დე იურე წევრობაზე, ეს ძალიან კარგი აზრი იქნებოდა, რომ უკრაინა იყოს ამ სტრატეგიის ნაწილი, ჩვენ ხომ ევროპის, ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილი ვართ. ეს მომგებიანი ვითარება იქნებოდა ყველასთვის. იმიტომ რომ, სამწუხაროდ, კრემლი არ გაფრინდება კოსმოსში ილონ მასკის ტექნოლოგიის გამოყენებით“,- განაცხადა რეზნიკოვმა.
ამასთან, მან შეაფასა უკრაინისთვის გაწეული დახმარება და აღნიშნა, რომ ის საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ მხოლოდ შეაკავოს აგრესორი. მინისტრის განმარტებით, უკრაინის თავდაცვის ძალები საჭიროებენ მეტს, რათა გადავიდნენ ეფექტურ კონტრშეტევაზე და გადაისროლონ რუსი დამპყრობლები უკრაინის ფარგლებს მიღმა.
„პირველ ეტაპზე ჩვენ გვსურს ჩვენი შესაძლებლობების ამაღლება. შემდეგ - განვიხილოთ ჩვენი მომავალი მეზობლობა რუსეთთან“,- განაცხადა რეზნიკოვმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სწორი იყო ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება უკრაინა ნატოს კიბერცენტრთან მიეერთებინათ. რეზნიკოვის შეფასებით, ეს განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ფონზეა.
„გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ მეტი ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებთან დასაპირისპირებლად. უკრაინის თავდაცვის ძალებს ასევე სჭირდებათ დრონები დაზვერვისთვის. რუსი დამპყრობლები უნდა „დავაბრმავოთ“, მაგრამ საკუთარი „თვალები“ შევინარჩუნოთ“, - განაცხადა რეზნიკოვმა.