რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი იმაზე, რომ აღადგინოს მოლაპარაკებები უკრაინასთან საკითხთა უფრო ფართო სპექტრზე.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაიროში, ეგვიპტელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს რაიმე წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი იმაზე, რომ აღვადგინოთ მოლაპარაკებები საკითხთა უფრო ფართო სპექტრზე, მაგრამ საკითხი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტით დაწყებული, უამრავი რაოდენობის მრჩევლებით დამთავრებული, გამუდმებით აცხადებს, რომ არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, სერგეი ლავროვის თქმით, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ დასავლეთის სახელმწიფოები უკრაინისგან ბოლომდე ბრძოლის მოთხოვნას, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება უკრაინელი ხალხისთვის არახელსაყრელი ვითარება.
„რაც უფრო მეტხანს განაგრძობენ ისინი უკრაინისგან ბოლომდე ბრძოლის მოთხოვნას, ამასთან, ჩვენ ყველას გვესმის, როგორი და ვისი აღსასრული დადგება, მით მეტი ადამიანი დაიღუპება და უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული ვითარება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, არ არის სასარგებლო უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინის სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.