ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის გადასაცემად, კერძო ამერიკული სამხედრო კომპანიებისგან შეიძენს, მნიშვნელოვნად განსხვავებულ შეიარაღებას, იმასთან შედარებით, რასაც უკრაინა ბოლო თვეების განმავლობაში იღებდა. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ავრცელებს.
ახალ პაკეტში შედის 22 მილიონი დოლარის ღირებულების 70 მილიმეტრიანი ლაზერული დამიზნების, მაღალი სიზუსტის რაკეტები და ასევე, 20 მილიონი დოლარის ღირებულების Puma-ს ტიპის სადაზვერვო დრონები.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის, ბილ ლაპლანტის განმარტებით, უწყების კომერციულ ბაზარზე ხელმისაწვდომი შეიარაღების საყიდლად, მათ კონგრესმა უკვე გამოუყო 300 მილიონი დოლარი.
არსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოცხადდა, რომლის მოცულობაც 150 მილიონი დოლარია.
ამერიკის კერძო სამხედრო საწარმოების პროდუქციაში ბევრი ისეთი შეიარაღებაა, რომელიც უკრაინას თავდაცვაში დაეხმარება. მათ შორისაა მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომელთა დამაგრება შედარებით იაფ საფრენ საშუალებებზე შეიძლება და რომლებიც ამგვარად ანაცვლებენ კონვენციური, ძვირადღირებული სამხედრო ავიაციის სიმძლავრეს.
მათ შორის საუბარია Switchblade-ის ტიპის დრონებზე, რომლითაც ოპერირება საკმაოდ მარტივია და არ მოითხოვს სპეციალიზებულ ტრენინგს. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ამ ტიპის დრონებზე უკრაინაში უკვე აჩვენეს ეფექტურობა.
რაც შეეხება Puma-ს ტიპის სადაზვერვო დრონებს, მოსალოდნელია, რომ მათი გადაცემა მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის სადაზვერვო შესაძლებლობებს ბრძოლის ველზე.
ცოტა ხნის წინ აშშ-მ განაახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნის პროგრამა. წვრთნები საომარი მოქმედებების ზონის მიღმა მიმდინარეობს. მათ შორის უკრაინელი მებრძოლები სწავლობენ მათთვის გადაცემული ახალი ტექნოლოგიური შეიარაღების გამოყენებას.