აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თებერვლის შემდეგ პირველად, სატელეფონო საუბარი გამართეს.
ბლინკენის განცხადებით, ლავროვს საუბრის დროს უთხრა, რომ აშშ-ი ელოდება შეთანხმების განხორციელებას, რომელმაც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანზიტი უნდა უზრუნველყოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ მსოფლიო არ მიიღებს რუსეთის მიერ უკრაინის მეტი ტერიტორიის ანექსიას და გეგმის განხორციელების შემთხვევაში, დამატებით საფასურს გადაახდევინებს.
„მე მკაფიოდ გამოვთქვი ის, რასაც ჩვენ დავინახავთ მათ ქმედებებში უახლოეს კვირებსა და თვეებში, მათ შორის ფსევდორეფერენდუმებს უკრაინის ტერიტორიებზე; მცდელობებს, აჩვენონ, რომ ამ ტერიტორიების მოსახლეობას სურს, შეუერთდეს რუსეთს და შეასრულონ პუტინის პოლიტიკური მიზნები – დაიკავოს უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორია და შეეცადოს, გაანადგუროს უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. მნიშვნელოვანია, რომ რუსებმა ჩვენგან პირდაპირ გაიგონ, რომ ამას მსოფლიოში არ შეეგუებიან და რუსეთს, ამ გეგმების განხორციელებას თუ გააგრძელებს, დამატებით ფასის გადახდა მოუწევს“, – თქვა ბლინკენმა.
საუბრის შესახებ თავის მხრივ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, სადაც აღნიშნულია, რომ დიპლომატებმა უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრეს. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის მიზნები ბოლომდე შესრულდება.