„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ახლა 600 დაჭრილი მებრძოლი იმყოფება, რომელთაც ევაკუაცია ესაჭიროებათ, ფოლადის ქარხნის შტურმი კი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა. მან ვრცლად ისაუბრა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე.
მისი თქმით, ქარხანაში 78 დღის განმავლობაში გამაგრებულმა აზოვის მებრძოლებმა დაცვის შენარჩუნება შეძლეს, რაც სასწაულის ტოლფასია, ამიტომ ახლა მებრძოლები ითხოვენ, რომ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც მოახერხოს რუსი სამხედროების მიერ ალყაში მოქცეული ქარხნიდან სამხედროების ცოცხლად გამოყვანა. პალამარმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ქარხნის შტურმზე და თქვა, რომ ისინი არღვევენ ომის ყველა წესს, ცოტა ხნის წინ დაბომბეს ჰოსპიტალი, სადაც დაჭრილები მკურნალობდნენ, ამის გამო ინვენტარი და ექიმების ინსტრუმენტები განადგურდა, რამაც დაშავებული მებრძოლების მდგომაროება უკიდურესად დაამძიმა.
„აზოვსტალის“ ტერიტორიის 98 პროცენტი განადგურებულია. ყველა შენობა დანგრეულია, დაბომბილია. ძალიან ბევრი ნანგრევია. ყველაგან, სადაც მივაღწიეთ, სადაც ვიცოდით, რომ იმყოფებოდნენ სამოქალქო პირები და სადაც ჩვენ მივდიოდით ხოლმე მათთან ან დაბომბვების დროს ან შესვენებისას, ყველა ასეთი ადგილიდან ადამიანების ევაკუაცია მოხერხდა. თუმცა, მე გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ ქარხნის ტერიტორიაზე სადმე კიდევ არის ბუნკერები ნანგრევებში. შეიძლება, იქ იყვნენ მოქალაქეები. ამიტომ დაბეჯითებით ვერც კის ვიტყვი და ვერც – არას. ჩვენი მხრიდან რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, იყო ხელისუფლებისადმი თხოვნა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოწოდება, ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ყველა სამოქალაქო პირის ევაკუაცია მოვახდინეთ ვისაც ვიცნობდით“, – განაცხადა სვიატოსლავ პალამარმა.