ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ფრთხილობს მოლაპარაკებების შეფასებისას, რადგან მოლაპარაკებების პროცესი ჩუმად უნდა წარიმართოს.
„ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და რუსეთის კონსტიტუცია გამორიცხავს რუსეთის რომელიმე რეგიონის ბედის ვინმესთან განხილვას", - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციის წევრმა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სტამბოლში გამართული გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყირიმის საკითხი შეთანხმების ცალკე პუნქტია, რომელშიც უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს პოზიციის დაფიქსირებას და 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე.