კრემლს არ სჯერა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების იმის თაობაზე, რომ ამერიკელების მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდების შემთხვევაში, მას რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინული მხარის მიმართ ნდობა არ აქვთ.
„იმისთვის, რომ ვენდოთ, საჭიროა გამოცდილება შემთხვევებში, როდესაც მოცემული დაპირებები სრულდებოდა. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება სრულიად არ არსებობს. პირიქით, მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის წინასაარჩევნო მთავარი დაპირებიდან დაწყებული, ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა ომი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, არ შესრულებულა. არც მინსკის შეთანხმება შესრულებულა, ისინი დავიწყებას მიეცა, ამასთან უკრაინული მხარის ბრალეულობით. ამიტომ უკრაინული მხარის მიმართ ნდობა არ გვაქვს“ -განაცხადა პესკოვმა.