რუსული მხარე დაღუპულთა ცხედრებს ყურადღებას არ აქცევს, რაც უკრაინის ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ სუმის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანატოლი კოტლიარმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაყვანაზე არ ზრუნავს. უსაბუთო ცხედრების იდენტიფიცირება რთულია.
„ისინი მეორე მხარეს არ სჭირდებათ. გარდაცვლილები არ მიჰყავთ. ისინი ჩვენთან რჩებიან, რაც საფრთხეს, უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს", - აღნიშნა კოტლიარმა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსი მებრძოლების გვამების შესანახად 10 მაცივარია შეკვეთილი, თუმცა ზოგიერთი სარკინიგზო ხაზის გადაკეტვის გამო ისინი ჯერ არ მიუტანიათ. ცხედრების უმეტესობა რუსეთს ბელარუსში გადააქვს, სადაც ვაგონებში ათავსებენ და რკინიგზით სახლში აგზავნიან.