ოკუპანტებმა ხერსონში უკრაინელი მღვდელი გაიტაცეს, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური, სერგეი ჩუდინოვიჩი ოთხშაბათს, დილის 8:30 საათზე პირდაპირ ეკლესიიდან სამმა პირმა უცნობი მიმართულებით წაიყვანა. მათ ასევე ეკლესიაში ჩხრეკა ჩაატარეს და ადგილზე მყოფ მოქალაქეებს საბუთები და მობილურები, კერძოდ კი შეტყობინების გასაგზავნი სოციალური ქსელების პირადი ანგარიშები შეუმოწმეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ უცნობმა პირებმა ვინაობა არ გაამხილეს და არც საბუთები წარმოადგინეს.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მღვდელმსახური სერგეი ჩუდინოვიჩი ხერსონში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარია. ადგილობრივი მედიასაშუალების ცნობით, გატაცებული მღვდელი ხერსონში ცნობილი საზოგადო მოღვაწეა.