უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა მტრის 2 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ცნობები დღეს, 19 მარტს გავრცელდა და ბოლო 24 საათის შეჯამებას წარმოადგენს. შტაბის ინფორმაციით, გუშინ, დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს ოკუპანტების ტექნიკის რამდენიმე კოლონა მიკოლაევისა და სუმის რაიონებში, ამჟამად მიმდინარეობს მოწინააღმდეგის დანაკარგების დაზუსტება.
გარდა ამისა, მტრის მიმართულებით სროლების შედეგად, დაიღუპა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი.
ამასთან, უწყების ცნობით, ქალაქ გომელში დაჭრილი ოკუპანტების მიღებასა და მკურნალობაში ჩართულია ყველა სამედიცინო დაწესებულება ქირურგიული განყოფილებით.