უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
შტაინმაიერის თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას.
„მე გეთანხმებით თქვენ, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს“, – განაცხადა შტაინმაიერმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.
თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიის პრეზიდენტთან ერთად განიხილა ის გამოწვევები, რომლებიც უკრაინის და ევროპის წინაშე დგას.
„ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ომით გამოწვეული საფრთხეების სხვადასხვა სპექტრი, ისინი არც ისე ცოტაა. უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში გერმანიის წვლილი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.