უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბუჩაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა ემოციურ ვიდეომიმართვისას, საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ დღევანდელ ვიდეომიმართვას მისალმების გარეშე დაიწყებდა.
"არ მინდა რაიმე ღიმილისმომგვრელი სიტყვა ვთქვა. პრეზიდენტს მსგავსი ვიდეომიმართვა არ ეკადრება, თუმცა ბუჩასა და სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში მომხდარის შემდეგ, იძულებული ვარ, ასე ვისაუბრო.
ასობით მოკლული, ხელებშეკრული და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქე. მოკლულებით სავსე ქუჩები, დანაღმული ტერიტორიები და ცხედრები. ყველგან მარადიორობის კვალია. ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ მკვლელები, ბოროტები, სისხლისმსმელები და მარადიორები, ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს არმიას უწოდებენ. ისინი თავიანთი ქმედებისთვის მხოლოდ სიკვდილს იმსახურებენ.
მინდა, ყველა რუსი ჯარისკაცის დედამ ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში მოკლული ადამიანების ცხედრები ნახოს. რა დააშავეს, რისთვის დახოცეს ეს ადამიანები. რა დააშავა კაცმა, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობდა, რატომ აწამებდნენ სიკვდილამდე ერთი ჩვეულებრივი მშვიდობიანი ქალაქის მშვიდობიან მოქალაქეებს. რატომ დაახრჩვეს მათ მიერვე გაძარცვული ქალი. როგორ შეიძლებოდა ქალის გაუპატიურება, მოკვლა და მისი სხეულის აბუჩად აგდება შვილების თვალწინ. რატომ გადაუარეს ცხედრებს ტანკებით. რა დაუშავა ბუჩამ რუსეთს. ეს როგორ მოახერხეთ?! რუსო დედებო, მარადიორები თუ გაზარდეთ, ჯალათებად როგორ იქცნენ?! შეუძლებელია არ გცოდნოდათ, რა ჰქონდათ თქვენს შვილებს შინაგანად. ისინი ყოველგვარ ადამიანურ გრძნობას მოწყვეტილები არიან, არც სული აქვთ და არც გული. კლავდნენ შეგნებულად და ამით სიამოვნებას იღებდნენ.
მინდა რუსეთის ფედერაციის ყველა სამხედრო მაღალჩინოსანმა ნახოს, როგორ შესრულდა მათი ბრძანება. მკვლელობები, წამების ფაქტები, აფეთქებისას მოწყვეტილი ხელები, რომლებიც ქუჩაში ყრია, ხელებშეკრული ადამიანებისთვის კეფაში ნასროლი ტყვიები - ზუსტად ასე წარმოჩინდება დღეიდან რუსეთის ფედერაცია. ეს თქვენი სახეა. თქვენი კულტურა და ადამიანური ღირებულებები უკრაინელებთან ერთად დაიღუპა.
მივიღე გადაწყვეტილება, შევქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც თითოეული რუსი ოკუპანტის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს. პროცესში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო გამომძიებლები და საგამოძიებო ორგანიზაციები. ამ ჯგუფის დახმარებით, მსოფლიო დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ჩადენილი დანაშაულებისა და მათი ჩამდენი პირების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურორის ოფისი, ეროვნული პოლიცია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვა და სხვა შესაბამისი სტრუქტურები ვალდებულები არიან, ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ ამოქმედებასა და მუშაობას. მოვუწოდებ უკრაინის ყველა მოქალაქესა და საერთაშორისო პარტნიორს, ხელი შეგვიწყონ ჭეშმარიტების დადგენაში.
მსოფლიომ ნახა არაერთი სამხედრო დანაშაული სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა დროს. მაგრამ ახლა დადგა დრო, რუსეთის მიერ ჩადენილი მსგავსი სამხედრო დანაშაული დედამიწაზე უკანასკნელი იყოს. მსგავსი დანაშაულის ჩამდენ თითოეულ პირს ჯალათების საერთაშორისო სიაში შევიყვანთ, იპოვნიან და დაისჯებიან." – განაცხადა ზელენსკიმ.